„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი და ახალი პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას ორღობის დედაკაცებს უწოდებს.
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში ეხვეწებოდნენ შეხვედრას.
„გიგა ბოკერიამ გადაწყვიტა, რომ ის ქართველმა ერმა მაჟორიტარობის განაწილების უფროსად აირჩია. სტამბოლის ბაზრის დირექტორია, მონათა ბაზრის. ვინ არის გიგა ბოკერია, რომ მაგას ვუთანხმო რაღაცები და ვევაჭრო. რატომ გონია, რომ მაგასთან ვინმე უნდა მივიდეს სალაპარაკოდ. ერთი კვირა მეხვეწებოდნენ შემხვდიო. მე მაგასთან მქონდა სავაჭრო და ისინი მეხვეწებოდნენ შეხვედრაზე? მკითხეს და ვუთხარი, ორ ოლქში დავდგებოდით თუ გადავწყვეტდით. ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ღმერთმა დამიფაროს ბოკერიას და უგულავას რამეზე ვევაჭრო ოდესმე. კაცს ეხვეწებოდე შემხვდიო და მერე იმ შეხვედრის დეტალებზე ორღობის დედაკაცივით ჭორაობდე - არ რცხვენიათ?“, - განაცხადა ელისაშვილმა.
დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციამ კანდიდატები შეათანხმა რამდენიმე თვიანი კონსულტაციების შედეგს 20-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი ისტორიულს უწოდებს. ვაკე - ელენე ხოშტარია, მთაწმინდა - შალვა შავგულიძე; გლდანი - ნიკა მელია; სამგორი - ლევან ხაბეიშვილი; ისანი - გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, - 5 პარტიის 6 კანდიდატი ასე გამოიყურება. ღიად რჩება ორი კანდიდატის ვინაობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილი საბურთალოს რაიონში აპირებს კენჭისყრას.
რაც შეეხება ოპოზიციისა და ელისაშვილის დაპირისპირებას: „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა აცხადებენ, რომ მათსა და ელისაშვილს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, რადგან ამ უკანასკნელმა თბილისის ორ ოლქში საკუთარი კანდიდატების დასახელება ითხოვა.