ალეკო ელისაშვილი საპროტესტო მოძრაობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტაქტიკურად ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.
"წესით ყველა ნორმალური ქართველი უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ვაიძულოთ ქართული ოცნება, ეს 12 პუნქტი შეასრულოს. ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო, იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი "ტექნიკური მთავრობანა" ჩავარდა.
ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები დაეხმარნენ ქართულ ოცნებას გაძლიერებაში. დღეს ოცნებაა ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე - რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა". - წერს ელისაშცილი.
მისივე თქმით, თუ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, "ევროკავშირის პირობები ქართული ოცნების ხელისუფლებას უნდა შევასრულებინოთ".
"სათანამშრომლოა - უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია - უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის მანძილზე - ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების მანძილზე არ უნდა გვქონდს ნორმალურ ადამიანებს. "ტექნიკური მთავრობის" მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები". - ამბობს მოქალაქეების ლიდერი.
***
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა.
კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.
ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მიაწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ აღნიშნულ დოკუმენტში ჩამოთვლილ საკითხებს მოაგვარებს.
იმისთვის, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს და საქართველომ არ გაუშვას შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. მთავარი მოთხოვნები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაა, რომელიც დროებით იმუშავებს და გაატარებს იმ რეფორმებს, რაზეც რეკომენდაციებშია საუბარი.