logo
ENG



ხაზარაძე: "ოცნების" პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს

14 აგვ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock 964
ვახო ქარელი/ფორმულა

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. 

მან ევროკავშირის ანგარიში შეაფასა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება. 

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ეს ილუზიები არავის აქვს. როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, ეს არის მიმართული იმ ორბიტისკენ, რასაც რუსეთის ორბიტა ჰქვია, ეს არის მკაფიო. საქართველოში ადამიანები მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დასავლური ძალა არ არის, ეს არის რუსული ძალა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

მასში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში.

კერძოდ, EU-ს პრობლემად მიაჩნია: 

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში;
  • ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები;
  • 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვიარ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;
  • ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.

გარდა ამისა, ევროკავშირისთვის საქართველოს ასოცირების გზაზე პრობლემურია შემდეგი საკითხები: 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები; მედიაგარემო; ღირსების მარშის გაუქმება - 5 ივლისს განვითარებული მოვლენები; გენდერული თანასწორობა და სხვა. 

ანგარიშში ხაზგასმულია პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ასევე, ნიკა მელიას დაპატიმრება და ხაზარაძე-ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა. 

ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ომბუდსმენის აპარატზე განხორციელებულ ზეწოლას იმის გამო, რომ ისინი საუბრობდნენ სენსიტიურ საკითხებზე. 

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის -2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 


close დახურვა