logo
ENG



ელისაშვილი: რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება - სამარადჟამო

12 იან 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია, საარჩევნო წესების ცვლილება - სამარადჟამო

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი არჩევნების ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას დადებითად აფასებს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მივიდნენ, რათა საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მუშაობა დასრულდეს.

"ერთი კარგი რაც თქვა, ეს არის ელექტრონული სისტემა. თუ დანარჩენი ოპოზიციონერები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს, მაშინ იქ უნდა წავიდეთ მეხუთე რაუნდზე და საარჩევნო სისტემის ძირფესვიან ცვლილებასთან დაკავშირებით დეტალურად უნდა დავასრულოთ მუშაობა. ეს არის საშვილიშვილო ამბავი, იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები ერთჯერადი აქტია და ფუნდამენტური ცვლილება საარჩევნო წესების, არის სამარადჟამო, რომ დაიბრუნოს არჩევნებმა სანდოობა", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 11 იანვარს, განაცხადა, რომ ქართული ოცნება მუშაობს საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის თითის ანაბეჭდით მიცემის საშუალებას იძლევა. მანვე აღნიშნა, რომ იგეგმება თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების შეძენა, რომლებიც გამორიცხავენ როგორც მანიპულაციებს, ისე ადამიანურ შეცდომებს შედეგების დათვლის დროს.


close დახურვა