logo
ENG



ელისაშვილი და იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან

02 თებ 202109:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/bee0n1ok6waktq6.jpg

პარტია მოქალაქეების წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეს პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვებიან. ისინი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან. ამის შესახებ ფორმულას პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ელისაშვილი და იოსელიანი კოლეგებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

ელისაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის და ლევან იოსელიანი ქართული ოცნებასთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შედიან პარლამენტში. მისივე თქმით, ამ დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს და პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.

იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებას მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ამ დრომდე არ გაუტანია. საკითხი კენჭისყრაზე დღეს, 2 თებერვალს უნდა დადგეს.

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებს. ისინი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. გირჩში აცხადებენ, რომ იმ დროს, როდესაც ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა დიალოგის პროცესს აზრს დაუკარგავს. 

ამასთან, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა