ხელისუფლებასთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ პარლამენტში შესული მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ნიკა მელიამ 20 ივნისის საქმეზე დაკისრებული გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს, რადგან "კანონის წინაშე ყველა თანასწორია".
ელისაშვილი ამბობს, რომ გირაოს არგადახდის გამო პატიმრობაში აღმოჩენას, თავად ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებისთვისაც უმჯობესია, თუ მელია გირაოს გადაიხდის.
"კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი", - ამბობს ელისაშვილი, - "ეს ამბავი ცოტა გაუგებარია, რომ, მე თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან ენმ-ის მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ".
მელია გირაოს დაკისრების დღიდან მოყოლებული საჯაროდ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, სახელისუფლებო მედია და ქართული ოცნების წევრები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის თანხას სხვა მოქალაქის ხელით დაფარავს.
"ეს იქნებოდა სირცხვილი და დანაშაული, საკუთარ თავთან, პირველ რიგში", - ამბობს მელია და მოუწოდებს საქართველოს ბანკს, არ დაუშვას მისი გირაოს ანგარიშზე სხვა მოქალაქის მიერ თანხის შეტანა.
40 000 ლარიანი გირაოს დაფარვის ვადა კი დღეს იწურება. ნიკა მელიას გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, თუმცა საპირისპირო პოზიცია აქვს გირჩს, რომლის ლიდერებიც ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესისთვის გირაოს დაფარვა უმჯობესი იქნება. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მყოფი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებს პერსპექტივა აღარ ექნება.
თავად ხელისუფლების წარმომადგენლები კი მელიას საჯარო განაცხადის შემდეგ აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გირაოს აუცილებლად დაფარავს - ან მისი, ან მესამე პირის ხელით.
"გირაოს გადახდა მოხდება, შეიძლება, არა მელიას, მაგრამ მეგობრების მხრიდან", - განაცხადა გუშინ მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.
საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.