logo
ENG



ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ პარლამენტმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერა

07 აპრ 202300:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/bdce2anr4570umn.jpg

მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებს თათია წოწონავას და რუსუდან დუმბაძეს საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.

ჟურნალისტების ცნობით, მათ აკრედიტაცია ქართული ოცნების წევრის ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს. ისინი დეპუტატს მოსამართლეების სანქცირების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზე პასუხადაც ელისო ბოლქვაძემ TV პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ "მათ მაყურებელს არ ცნობს."

ტვ პირველის ჟურნალისტის თამარ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აკრედიტაცია შეუჩერდა ტვ პირველის ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილსაც.

მთავარი არხის ჟურნალისტი თათია წოწონავა პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში არ დაუშვებენ. 

"როგორც ჩანს, ელისო ბოლქვაძეს არ ესიამოვნა ის კითხვები, რომლებიც დავუსვით კრიტიკულმა მედიამ მას და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, გვიჩივლა. ერთადერთი კითხვა გვქონდა მასთან, გრძნობს თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმ მოსამართლეების დასანქცირების გამო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს კითხვა გახდა მისი გაღიზიანების საბაბი და შესაბამისად, დღის ბოლოს გავიგეთ უკვე, რომ ვართ დასანქცირებულები პარლამენტში“ - განაცხადა ჟურნალისტმა თათია წოწონავამ ფორმულასთან ინტერვიუში.

დღეს პარლამენტმა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა.

როგორც პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, შაბათის ფორმულას წარმომადგენლებს აკრედიტაცია 1 თვის ვადით - 3 მაისის ჩათვლით შეუჩერდათ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 5 მარტს პარლამენტმა რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა, ნაწილს კი იმავე დღეს ისევ აღუდგინეს

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებოდათ.

2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.

 

close დახურვა