"საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა", - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა განაცხადა.
კანდელაკის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელი გახდეს ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოცხადებულია მსგავს სიტუაციაში. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ნებისმიერ დროს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიიღოს საელჩოდან. საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გასცა. დაიცვან ამ რეკომენდაციების მიხედვით ყველა ის უსაფრთხოების ზომები, რომელიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში", - აღნიშნა კანდელაკმა.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა. მოგვიანებით ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტების შესახებაც გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ IDF-ში განაცხადეს, რომ ისრაელმა, მოკავშირეებთან ერთად დრონებისა და რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოაგდო.