აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით, სიურპრიზი იყო. ეს ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა და აღნიშნა, რომ ამას ვაშინგტონიც გამოეხმაურება.
კელი დეგნანის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გააგრძელოს.
"ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით, მიუხედავად პანდემიის, უმუშევრობისა და იმ ვითარების, რაც საქართველოშია. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც, მაგრამ ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა შეჩერდეს. ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის", - თქვა დეგნანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.
ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.
ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის პოზიციას, ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.