საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გაგზავნილი საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები მოგვარდება. მის განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, "პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს".
"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.
პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს.მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება", - აცხადებს ელჩი.
გერმანიაში დასაქმებისთვის წასული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.
დასაქმებულები ფორმულანიუსთან ყვებიან, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა.
100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა.