logo
ENG



ემანუელ მაკრონი პუტინს: საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა

16 ნოე 202112:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/brr30v347hn2w7s.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი ძალიან შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან სამხედრო აქტივობებით და მზადაა დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსი სამხედროების უკრაინის საზღვართან მობილიზებაზე საპასუხოდ გააკეთა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა France 24 ავრცელებს.

საპასუხოდ ვლადიმერ პუტინმა შავი ზღვის ტერიტორიაზე ამერიკის მხარდაჭერილ სამხედრო ქმედებებს „პროვოკაციული“ უწოდა და თქვა, რომ ამერიკა მოსკოვსა და ნატოს შორის დაძაბულობას ამწვავებს.

გასულ კვირას პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კრემლი ამერიკისა და ნატოს გემების გადაადგილებას შავ ზღვაში სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს. მან ასევე გააკრიტიკა უკრაინის კონფლიქტურ ზონებში პრო-რუს აჯანყებულებთან კონფლიქტში დრონების გამოყენება. პუტინის თქმით, ეს არღვევს 2015 წელს მინსკში ხელმოწერილ მშვიდობის შეთანხმებას.

როიტერსის ინფორმაციით, უკრაინამ ცოტა ხნის წინ, რუსეთთან შვიდწლიანი კონფლიქტის მანძილზე რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღდეგ დონბასის რეგიონში პირველად გამოიყენა თურქეთში დამზადებული შეიარაღებული დრონები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ დრონები დონბასში თავდაცვითი მიზნებით გამოიყენა და ეს არ არღვევს არცერთ შეთანხმებას.

ვაშინგტონში, პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ კი უარყო ამერიკის ქმედებების კრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო აქტივობა ამერიკისთვის კვლავ შემაშფოთებელია.

ამერიკელმა და ევროპელმა სახელმწიფო პირებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტივობების შესახებ.


close დახურვა