ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 5 974 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან, 7 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან.
"აქტიური შემთხვევა გახლავთ 5 974. ამ აქტიური შემთხვევებიდან 50 გახლავთ კრიტიკულად მძიმე, 31 არის ინტუბირებული ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე, 19 სიპაპ რეჟიმზე. ამ პაციენტებიდან, 7 გახლავთ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი, ერთი ცხინვალიდან", - თქვა ენდელაძემ.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 - აჭარაში გამოვლინდა, 168 - თბილისში, 117 - იმერეთში, 25 - შიდა-ქართლში, 7 - ქვემო-ქართლში, 24 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 8 - გურიაში, 5 - კახეთში, 5 - მცხეთა-მთიანეთში, 3 - სამცხე ჯავახეთში.
დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 12 841 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.