სკანდალური ვერსია მუდმივი მაჟორიტარისგან. ენზელ მკოიანი ბიძინა ივანიშვილის რჩეულთა სიის მიღმა დარჩენას ტელეკომპანია ფორმულას უკავშირებს. დეპუტატის თქმით, მისი კანდიდატურისგან ჩამოშორების მიზეზი ის მასალა გახდა, რომელიც შაბათის ფორმულამ გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს მკოიანი იარაღით. დეპუტატი ამბობს, რომ ის თავს იცავდა და ახლა მის წინააღმდეგ გაშავების კამპანია მიმდინარეობს. რატომ დარჩნენ ჩამონათვალის მიღმა დანარჩენი ამბოხებულები - ჯერჯერობით უცნობია, მოხვდებიან თუ არა ისინი პროპორციულ სიაში, თავად მაჟორიტარებს ამის მოლოდინი აღარ აქვთ.
ე.წ ამბოხებული დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს სიის მიღმა დარჩნენ. ფორმულას ინფორმაციით ვერც პროპორციულ სიაში მოხვდება დაჩი ბერაია, მას სურვილი აქვს ქართუ ბანკში გააგრძელოს მუშაობა.
სიის მიღმა დარჩა კახა კალაძის მეგობარი ივლიანე წულაია, რომელიც სავარაუდოდ პროპორციულ საარჩევნო სიაში იქნება. მეათე მოწვევის პარლამენტში ვერ მოხვდება ე.წ. ამბოხებული დეპუტატი ირაკლი შოლაშვილი. დარჩება თუ არა ის ქართული ოცნების გუნდში ამაზე კომენტარს არ აკეთებს.
ის რომ ე.წ ამბოხებული დეპუტატები სიაში ვერ მოხვდნენ არ უკვირთ უმრავლესობის წევრებს . გია ვოლსკი ამბობს, რომ სია იმის მიხედვით დაკომპლექტდება ვის რა პოლიტიკური წონა და შანსები აქვს .
კახა ოქრიაშილი კი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად აპირებს. აღნიშნულზე ის მედიასთან რამდენიმე დღეში ისაუბრებს.