ნამახვანჰესის პროექტის ხელმძღვანელის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, ჰესის აშენების მიუხედავად ტვიშის მიკროზონა შენარჩუნდება. ამის შესახებ ლომინაძემ გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
მისი თქმით, შეუძლებელია მსგავსი სახის პროექტებმა გარემოზე ზეგავლენა არ მოახდინოს, თუმცა ლომინაძის თქმით, ყურძნის ეს ჯიში თავის გემოვნურ თვისებებს არ დაკარგავს.
"როდესაც საუბარია მსგავსი სახის პროექტებზე, შეუძლებელია ვინმემ თქვას, რომ გარემოზე ზეგავლენა არ მოხდება. თუმცა, აქვე ვიტყვი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ტვიშის მიკროზონის შენარჩუნება მოხდება და ტვიში არ დაკარგავს თავის გემურ თვისებებს. ეს ჩვენ გვიდასტურდება შესაბამისი დასკვნებით, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენი ევროპელი კონსულტანტებისგან", - განაცხადა ლომინაძემ.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია 23 მაისს თბილისშია დაგეგმილი.
თბილისში აქციის დაანონსებამდე, 24 აპრილს საქართველოს მთავრობის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით გადაიდო. თუმცა, არ შეჩერდება ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.
23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას თვეებია, აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.