logo
ENG



ენმ-ის ბათუმის ორგანიზაცია: ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო

24 აპრ 202312:37
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. 

გიორგი კირთაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა.

სიის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთმა დეპუტატმა, პირადი მიზეზით საკრებულო დატოვა. მისი ადგილმონაცვლე კი 2021 წლის არჩევნებზე წარდგენილი სიის მიხედვით, ლევან გორგილაძე უნდა ყოფილიყო.

როგორც აღმოჩნდა, პარტიის თავმჯდომარემ ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ, ამოიღო საკრებულოს 4 წევრი - მე-13, მე-14, მე-15 და 21-ე ნომრით სიაში მყოფი ადამიანები. ისინი ამბობენ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც შიდაპარტიული არჩევნების პერიოდში ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს და ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებდნენ.

თვის ბოლოს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე, ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილება უნდა შეჩერებულიყო. ლაშა კილაბერია საკუთარი მიზეზით წავიდა საკრებულოდან და სწორედ მის ნაცვლად უნდა შესულიყო ლევან გორგილაძემ, თუმცა მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ცესკოსთვის მიმართული აქვს ხაბეიშვილს მოთხოვნით, ის და კიდევ პარტიის 3 წევრი ამოეღოთ სიიდან.

ენმ-ის ბათუმის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯებია და ითხოვენ, განმარტებას და იმ შემთხვევაში, თუ ხაბეიშვილს არ ექნება დასაბუთებული მიზეზები, ამ შემთხვევაში, ითხოვენ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას. ამბობენ, რომ ეს ამომრჩევლის წინააღმდეგ წასვლაა.

"ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, იცლის იმისთვის, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, რომ ცვლის ბათუმელების ნებას. ვფიქრობ, ზუსტად ისევე, როგორც ამისი მცდელობა ჰქონდა და გამოუვიდა დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს, უბრალოდ, მათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე და ისე მოხდა ნუგზარ ფუტკარაძის აცილება ბათუმის საკრებულოდან. ლევან ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დასჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა აბაშიძე. მე მიმაჩნია, რომ წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს", - განაცხადა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე.


close დახურვა