3 ოპოზიციონერი დეპუტატის შემდეგ, ბაჩუკი ქარდავაც ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას ტოვებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა, მაგრამ დღევანდელი "ისტერიკის ფონზე" დარჩენა შეუძლებლად მიიჩნია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"გარიცხვაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად მეჩვენება, ადამიანების მხრიდან, რომლებმაც დიდი ხნით ადრე, პირადად ჩემგან იცოდნენ ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ისე, რომ ამას ოპოზიციური ერთობისთვის ხელი არ შეეშალა. იმის გამო, რომ ჩემი ეს გადაწყვეტილება მათ მაინცდამაინც მისაღებად არ მიაჩნდათ, მე არ ვჩქარობდი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა დღევანდელი ისტერიკის ფონზე, დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი გახდა.
სუბიექტური ადამიანების და მათ შორის ოპოზიციონერების გარდა, ვისაც სურს რომ დღევანდელი დღე, მხოლოდ შიდა ოპოზიციური კონკურენციის საბაბად გამოიყენოს, ისინი ალბათ კიდევ მრავალგზის გამოამჟღავნებენ საკუთარ თავს, მაგრამ ვისაც რეალურად სურს დაამარცხოს ოცნება, მას უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციური ერთობა გაუგებრობების, თუნდაც ჩემი კოლეგების მხრიდან შეცდომადაც კი მონათლული ქმედების მიუხედავად, და მე მას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი, ოპოზიციური კონსოლიდაცია მრავალფეროვნების გათვალისწინებით გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამას დრო გამოაჩენს", - ამბობს ის.
ამასთან, ქარდავა საუბრობს კენჭისყრის პროცესზეც და აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად რამდენიმე კანდიდატზე ხმის მიცემა "დასაშვებად მიაჩნდათ", თუმცა კენჭისყრის ბოიკოტირებაზე საუბარი არ ყოფილა. ის არ აკონკრეტებს არც ოპოზიციონერებს და არც საბჭოს წევრების კანდიდატებს, თუმცა მიუთითებს, რომ "დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა".
"არაფერია ამ ქვეყანაზე ისეთი, რომელიც არ გაცხადდება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა დროთა განმავლობაში და არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს დღევანდელი ფაქტის რეალური მიზეზების გამომჟღავნებას. არ შეესაბამება სიმართლეს, ამ კენჭისყრასა და პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შორის რაიმე კავშირი არსებობდეს. მითუმეტეს, კომუნიკაცია არც ადრე, არც დღეს და არც ბოლო პერიოდში არ მქონია ქართულ ოცნებასთან და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფაქტორად ვთვლი, მხარეებს შორის თუნდაც უკიდურესად დაპირისპირებულთა შორის, კომუნიკაციის აუცილებლობას, იმ ვითარებაში, როცა ოპონენტს რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებ, აქ ღრმა თანამშრომლობას გამოვრიცხავ!
ისიც ფაქტია, რომ მთავარი მიზეზი დღევანდელი მოვლენების იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვერშემდგარი შეთანხმება, ავადსახსენებელ საბჭოში, ოპოზიციისთვის ადგილის დათმობისა. ოცნება კვლავაც ხელის გადაგრეხის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც მხოლოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს გახდა ცნობილი. იყო ნახსენები სხვადასხვა გვარები, ვისზედაც ხმის მიცემა დასაშვებად მიაჩნდათ სხვადასხვა ოპოზიციურ ლიდერს, მაგრამ საუბარი კენჭისყრის ბოიკოტირებაზე იმ წუთამდე, სანამ შევწყვიტეთ კენჭისყრა და დავტოვეთ დარბაზი არ ყოფილა. როგორც კი ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ოპოზიციამ ვერ მიაღწია შედეგს იმ კომუნიკაციაში, რომელშიც მე არ ვიღებდი მონაწილეობას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, მე შევწყვიტე კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მოგვიანებით, საერთოდ დავტოვე დარბაზი", - აცხადებს ის.
ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა ნიკა მაჭუტაძემ და თქვა, რომ როსტომ და ნატო ჩხეიძეებთან ერთად ენმ-ის ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).
სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.