logo
ENG



ენმ-ს წევრის თქმით, საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იყო

15 ოქტ 202100:05
3 წუთის საკითხავი
 
ენმ-ს წევრის თქმით, საკრებულოს შენობაში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრის, ლილე ლიპარტელიანის თქმით, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იდგა. 

"Მიხეილ საახაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, Სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკრებულოს შენობაში ხმის ჩამწერი და სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული", - აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

Მისი განცხადებით, როდესაც იკითხა, თუ რა იდო შენობის მესამე სართულზე შავ ყუთებში, მამაკაცი საკრებულოს მოადგილის ოთახში გაიქცა და კარი ჩაკეტა. ამის შემდეგ ლიპარტელიანმა გამოიძახა პოლიცია. მისივე ცნობით, იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ოქმს ადგენდნენ, სუსის ავტომობილით აპარატურა გაიტანეს.

ენმ-ს კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, დადასტურებულად იციან, რომ ერთ-ერთი მოწყობილობა ინტერნეტის სიგნალს ახშობდა აქციაზე.

"დეტალურად გვაქვს გადაღებული შტრიხკოდები, წარმომავლობა. ერთი დადასტურებულად არის სიგნალის ჩამხშობი, მათ შორის ინტერნეტის ჩამხშობი. ამიტომ იყო რომ ჟურნალისტებს ნორმალური კომუნიკაცია არ ჰქონდათ ერთმანეთთან. მეორე ესაა, სავარაუდოდ, პორტატული მოსასმენი აპარატი", - თქვა ნადირაძემ TV პირველის ეთერში.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა.

მთელი დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციისთვის თბილისისკენ მომავალ კოლონებს, ხელს უშლიდა ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ავტომობილებს ცოცხებს ესროდნენ

სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მე-14 დღეა, შიმშილობს. პირადი ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამძიმებულია.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 

3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "სააკაშვილის გამომშვები არავინაა" და რომ "თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, დაუმატებენ მუხლებს და სხვებსაც მიაყოლებენ". 


close დახურვა