logo
ENG



ენმ: ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე ოცნების მხრიდან არ ყოფილა შესაბამისი რეაქცია

06 ოქტ 202312:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/06/23h09pv2mikra94.jpeg

ნაციონალური მოძრაობა გმობს რუსეთის უკანონო გადაწყვეტილებას ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ემსახურება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის სამხედრო ოკუპაციის გაგრძელებას".

ბოკუჩავას თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა. კერძოდ, ბოკუჩავას თქმით, საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მათ შორის, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც იმყოფება და არ მიმართა ევროპულ საზოგადოებას. მისი თქმით, EU-ის სტატუსის საბოტაჟით, ოცნება მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს სტაბილურ და უსაფრთო მომავალს ევროპაში.

"საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამ გადაწყვეტილების დაგმობა შეუძლებელია იყოს საკმარისი, თუ ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ, როგორც სახელმწიფომ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისგან დღეს დილამდე თავს ვიკავებდით, რადგან ველოდით საქართველოს მთავრობის რეაქციას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაქცია არ ყოფილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ესპანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, სადაც ის ამჟამად იმყოფება, რომ რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯის შესახებ მთელი ევროპული საზოგადოებისთვის მიემართა. ამიტომაცაა, რომ რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერგეი ლავროვმა, მარგარიტა სიმონიანმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილი "მისაღები ქცევისთვის" შეაქეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს არ გაუკეთებია განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შემდეგ, რუსეთი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს აფხაზეთის ანექსიის შესახებ.

არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია რაიმე ტიპის განცხადება. უკრაინაში  რუსეთის უკანონო ომის ფონზე, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსება უკიდურეს შეშფოთებას და კონკრეტულ რეაგირებას უნდა იწვევდეს სახელმწიფოს უწყებების მხრიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ხედავს ოკუპირებული ტერიტორიების განახლებულ მილიტარიზაციის საფრთხეს, რადგან დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და საქართველოს პარტნიორებზე, მათ შორის, შეერთებულ შტატებზე თავდასხმით.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის დროებითი საპარლამენტო კომისიაც უმოქმედო გახდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში ქართული ოცნებაა.

განცხადება გაავრცელა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც არაა მოწოდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმოს რუსეთის ეს ნაბიჯი. ქართული დიპლომატიის ასეთი პასიური პოზიცია აშკარაა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ,  უარი თქვა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების აქტიური პოლიტიკის წარმოებაზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ღარიბაშვილის სიჩუმეც ამ სახიფათო პოზიციის ნაწილია.

საქართველოში მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. ესაა მისი სტაბილური მშვიდობისა და უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟით, ქართული ოცნება მიზანმიმართულად გვაშორებს საქართველოს სტაბილურ და უსაფრთხო მომავალს ევროპაში. საქართველო ასე დაშორებული ევროპისგან არასდროს ყოფილა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობა არის ძალიან დაბალი - 31%, რისი ერთ-ერთი მიზეზიც საერთაშორისო სანქციებზე მიერთებაზე უარის თქმაა.

საერთაშორისო პარტნიორებისგან დისტანცირება საქართველოს ყოველდღიურად აზიანებს. სწორედ, ამიტომ ბედავს რუსეთი და აშენებს ახალ სამხედრო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

საქართველოს  უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც შეასრულებს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას და ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მომავლის  მყარ და სტაბილურ გარანტიას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით შექმნის. ესაა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგნის წინაპირობაც და გარანტიაც", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".


close დახურვა