logo
ENG



ენმ თვითმკვლელობაზე: დაეკისროს პასუხისმგებლობა ფაცაციას და აზარაშვილს, დატოვონ პოსტები

17 იან 202219:18
3 წუთის საკითხავი
 
ენმ თვითმკვლელობაზე: დაეკისროს პასუხისმგებლობა ფაცაციას და აზარაშვილს, დატოვონ პოსტები

ნაციონალური მოძრაობა დევნილი მოქალაქის თვითმკვლელობასთაან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა დავით ფაცაციამ დაკავებული თანამდებობები დატოვონ და მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დასცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავალტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს".

"დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება  დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით - ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახელმწიფო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოაააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები.

დაეკისროს პასუხისმგებლობა დავით ფაცაციას და მინისტრ ზურაბ აზარაშვილს და მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები", - ნათქვამია განცხადებაში.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება.

დღეს, 17 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა "უბედური შემთხვევაა" და ამას კავშირი არ აქვს საპროტესტო აქციასთან. 


close დახურვა