logo
ENG



ენმ ინიციატივით გამოდის, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

15 თებ 202211:25
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს. მათთვის მანდატის შეწყვეტას პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან კენჭს. ქართული ოცნების თქმით, მათ მანდატებს შეუწყვეტენ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტში ხატია დეკანოიძემ გააკეთა:

"ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ - იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა არჩევნებზე, გაყალბებული, ზეწოლით, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს", - თქვა მან.

ქართული ოცნება ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს. გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ უმრავლესობის სხდომაზე გუშინ, 14 თებერვალს მიიღო

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საფუძვლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს.

შალვა ნათელაშვილს უმრავლესობა არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის უწყვეტს მანდატს. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის დეპუტატის მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვდა.

ნაციონალურ მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა სურს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნათელაშვილსა და ჯაფარიძეს სწორედ იმიტომ უუქმებენ მანდატებს, რომ ოპოზიციას კომისიის შექმნისთვის ხმები არ ეყოს.

ნაციონალურ მოძრაობას, ლელოს, ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელს საარჩევნო სიები ჩახსნილი აქვთ.


close დახურვა