logo
ENG



ენმ ფარცხალაძის, ღარიბაშვილისა და კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

17 სექ 202312:55
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოთარ ფარცხალაძის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიის რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბორტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის წევრების თქმით, სწორედ ფარცხალაძე, ღარიბაშვილი და კალაძე მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ.

"ჩვენ მოვითხოვთ, პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება როგორც ოთარ ფარცხალაძეზე, ისე ირაკლი ღარიბაშვილზე და კახა კალაძეზე, რომლებიც საქართველოში, ქართველი ხალხის ფულით, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ იწყობენ საკუთარ კომფორტს", - თქვა ბოტკოველმა.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა