ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აგრესია ცარიელ ადგილას არ ჩნდება.
მან მედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა მათზე აგრესიასა და ძალადობაში.
"ჟურნალისტები უნდა იყოთ ფრთხილად. ჩემთან არავის არასდროს მასეთი რამე არ მოსვლია. როცა ასეთი თემა მიდის და ლგბტ-ის პროპაგანდის მხარე გიჭირავს, ვიღაცებში წარმოიშვება აგრესია. ცარიელ ადგილას არაფერი ხდება, ამიტომ ფრთხილად იყავით. ისინიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, თავიანთ ოჯახებს იცავენ". - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.
პრორუსი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან.
ფორმულას ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე, სცემეს ფორმულას სხვა გადამღებ ჯგუფს - გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები. დაშავებულები არიან: მარიამ ქუმსიშვილი - ჟურნალისტი; მარიკა გოცირიძე - ჟურნალისტი; გიორგი პერტია- ჟურნალისტი; სალომე ბოკუჩავა - ჟურნალისტი; შოთა სიკინჭალაშვილი - ოპერატორი; ზურა მანაგაძე - ოპერატორი; ბექა ათაბეგაშვილი - ოპერატორი. დამტვრეულია ორი კამერა.
ტვ პირველის გადამღები ჯგუფები - რუსო ჯაბანიშვილი; გურამ თოდაძე. დამტვრეულია ორი კამერა და ჩართვის აპარატურა.
ისინი ასევე თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით "პრესა".
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.
თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს.
ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორიც, მას ტექნიკა დაუმტვრიეს.
ერთმა კაცმა სცადა, სკუტერით დაჯახებოდა ჟურნალისტებს.
მანამდე ჰომოფობიურმა, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან კარვები აიღეს და პრაიდის ჩასაშლელად ემზადებიან.
ადგილზე არიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, მათ შორის, ვაკის ეკლესიის მღვდელი შალვა კეკელია და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
თუმცა, პოლიცია მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი.
თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია.
მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.