logo
ENG



ეპისკოპოსი მელქისედეკი: მივმართავ ყველას, იქნებ მკურნალი ექიმი შევიდეს სააკაშვილთან

15 ოქტ 202117:46
3 წუთის საკითხავი
 
ეპისკოპოსი მელქისედეკი: მივმართავ ყველას, იქნებ მკურნალი ექიმი შევიდეს სააკაშვილთან

პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ განაცხადა, რომ მკურნალი ექიმი უნდა შევიდეს მოშიმშილესთან. მან მოუწოდა ყველას, გამოიძებნოს ამის გზა. 

ეპისკოპოსის თქმითვე, მან სააკაშვილთან შიმშილობაზეც ისაუბრა, თუმცა მის შეწყვეტაზე უარი მიიღი. 

"მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, მისი მკურნალი ექიმი შევიდეს, კარგი იქნება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვკითხე და არ მიპასუხა. ვურჩიე, ხომ არ იყო დრო, კორექტირება შეეტანა შიმშილობაში. მან უარი განაცხადა და თქვა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, მე ფერი არ მომეწონა, გასაგებია, ამდენი ხანი შიმშილობს", - თქვა მან ციხის დატოვების შემდეგ.

აქამდე, მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში იყო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ციხის დატოვების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სთხოვა სააკაშვილს, თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. 

გარდა ამისა, ციხეში მისული იყო პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი. როგორც მან თქვა, სააკაშვილს პატრიარქის თხოვნა გადასცა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-15 დღეა ციხეში შიმშილობს.

როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში დაკავებამდე ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა და რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა. 

ადვოკატებისა და მისი თანაგუნდელების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, კი ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტების გუნდი შექმნა, რომელიც სააკაშვილის მდგომარეობას დაამონიტორინგებს. 


close დახურვა