პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთს პესიმისტური შეხედულებები აქვს იმის თაობაზე, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდნენ. მისივე თქმით, სკანდინავიური ქვეყნები "სახლია ბევრი ტერორისტული ორგანიზაციის".
"ჩვენ ვადევნებთ თვალს ფინეთსა და შვედეთის მიმართ მოვლენების განვითარებას, მაგრამ არ გვაქვს პოზიტიური შეხედულებები", - თქვა ერდოღანმა სტამბულში ჟურნალისტებთან და დაამატა, რომ NATO-ში საბერძნეთის მიღება შეცდომა იყო.
"როგორც თურქეთი, არ გვსურს მსგავსი შეცდომების გამეორება. ამასთან, სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციებისთვის საოჯახო სასტუმროებია. [...] ისინი ზოგიერთი ქვეყნის პარლამენტის წევრებიც არიან. არ შეგვიძლია, მათ მხარეს ვიყოთ", - თქვა ერდოღანმა.
თურქეთს არაერთხელ გაუკრიტიკებია შვედეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები მათი ქმედებების გამო იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს, მათ შორის ქურთული სამხედრო დაჯგუფებები PKK და YPG და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები. ანკარაში აცხადებენ, რომ გიულენისტები 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ.
12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.
ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ განაცხადის გაკეთების შემთხვევაში ფინეთს ალიანსში თბილად მიიღებენ.
ჰელსინკის განაცხადს გამოეხმაურნენ მოსკოვშიც. რუსეთი ფინეთის მისწრაფებას "საფრთხეს" უწოდებს.