logo
ENG



ერთიანობა: კალაძის განცხადებით უკვე მოხდა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია

30 სექ 202411:06
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის კამპანიის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ქართული ოცნების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნება ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის".

ის თბილისის მერის კახა კალაძის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მერმა "პოზიტიურად შეაფასა" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება.

ლევან სანიკიძის თქმით, კახა კალაძის განცხადებამ "უკვე მოახდინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია". ის ამ განცხადებას "ღალატს" უწოდებს.

"უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას. ამის კიდევ ერთი დასტურია გუშინ დედაქალაქის მერის, ბატონი კახა კალაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ 28 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე გამოხმაურება. [...]

მინდა კახი კალაძეს შევახსენო - აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! შესაბამისად, კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას. ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. [...]

ქართული ოცნება ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. ისინი გეგმაზომიერად მიჰყვებიან ამ პროცესს - პირველ რიგში, რუსეთი და ქართული ოცნება ცდილობენ, რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები. სწორედ ამის ნაწილია ქართული ოცნების ის უბინძურესი კამპანია, სადაც 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული ქართველი მხარის დადანაშაულება მიდის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესს ემსახურება.

დღესაც, ქართული ოცნება ცდილობს, რუსეთი შემრიგებლად გამოიყვანოს - ამ განცხადებით კახი კალაძე, ივანიშვილის პარტიასთან ერთად, პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, შინდისის გმირები და ყველა თავდადებული პატრიოტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ღირსებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, სინამდვილეში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით ორ სუვერენულ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა. რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ღალატი", - თქვა ლევან სანიკიძემ.

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო. 

 

29 სექტემბერს ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ სერგეი ლავროვის განცხადებას ქართული ოცნების ხელისუფლება "პოზიტიურად აფასებს".


close დახურვა