logo
ENG



ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ხელოვანი ლია ბაგრატიონიც ითხოვს

15 თებ 202300:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/5wg9ms1nf3xx76y.jpg

ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნამუშევრის გატანას ხელოვანი ლია ბაგრატიონიც ითხოვს.

მანამდე, ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს ხელოვანებმა შოთა აფციაურმაანდრო დადიანმა და საბა გორგოძემ.

"ყველაფერი საინტერესოა, რაც ნამდვილია. ეს გამოფენაც საინტერესოდ გააგრძელებდა ცხოვრებას, დროზე დაფუძნებული ნამუშევარი შეიქმნებოდა და 12 მარტამდე დავაკვირდებოდით, საბოლოოდ რა სახეს მიიღებდა. სამწუხაროდ, მუზეუმი არ გვაძლევს ამ პროცესზე დაკვირვების საშუალებას და 20 თებერვალს წყვეტს გამოფენას. რაც შემეხება მე, მუზეუმის ფრაზეოლოგიას გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვრებთან ერთად მეც გამოვიტან ჩემ ნამუშევარს", - წერს ლია ბაგრატიონი Facebook-ზე.

***

4 თებერვალს ხელოვანმა სანდრო სულაბერიძემ კედელზე ნამუშევრის ნაცვლად დატოვა წარწერა: "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!".

მოგვიანებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე კედელზე გაკეთებული წარწერის გამო პოლიციაში გამოკითხეს. შავგულიძემ ფორმულასთან თქვა, რომ პოლიციაში კითხვები ჰქონდათ წარწერაზე, ასევე, მისი და სულაბერიძის ურთიერთობაზე.

5 თებერვალს განცხადება გაავრცელა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა, რომელშიც წერია, რომ "გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია".

სულაბერიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. 

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ხელმოწერებს აგროვებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის კვალიფიკაცია შეეცვალა. ამის შესახებ განცხადება ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მხატვრის აქციას კრიმინალის ნიშნები არ ახასიათებდა.

11 თებერვალს საქართველოს პენცენტრმა დაგმო მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, ეროვნულ გალერეაში შესრულებული საპროტესტო ნამუშევრის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. გარდა ამისა, პენცენტრი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გდადგომას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "პენცენტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურის სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე გავრცელებული სამარცხვინო განცხადება, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მხატვრის მისამართით გატარებული ღონისძიებები შსს-სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა".

სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან. მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

14 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.


close დახურვა