logo
ENG



ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

02 მარ 202011:41
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

2020 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მონაწილეები  აბიტურიენტთა ცნობარში გაეცნობიან. გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია.

რეგისტრირებულმა აპლიკანტმა, რომელსაც სურს რეგისტრაციის გაუქმება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უნდა მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; თუ სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტს, 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტს, 18:00 საათზე დასრულდება.

 


close დახურვა