უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 16 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად 16 502 ადამიანი დაიღუპა. ეროვნულმა პოლიციამ აღმოაჩინა 21 მასობრივი საფლავი ქვეყნის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, საიდანაც 1 033 მშვიდობიანი მოქალაქის და ჯარისკაცის ცხედარია", - აცხადებენ დეპარტამენტში.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემების თანახმად, დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დონეცკში დაფიქსირდა - 4 746 ადამიანი. ხარკივის ოლქში - 3 784, მიკოლაევის ოლქში - 2 207, კიევის ოლქში - 2 072, ჩერნიგოვის ოლქში - 899, ლუგანსკის ოლქში - 815, ხერსონის ოლქში - 686, სუმის ოლქში - 341, ჟიტომირში - 283, ზაპორიჟიაში - 66.
"აღნიშნული რაოდენობიდან ცხედრების უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღითა და ნაღმზე აფეთქების შედეგად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები (ასეთ პირთა ზუსტი რაოდენობის მითითება შეუძლებელია, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნული ექსპერტიზის დასრულებამდე)", - აცხადებენ დეპარტამენტში.