logo
ENG



ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება - რა ვითარებაა ბელარუსში

16 აგვ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ბელარუსის დედაქალაქში - მინსკის ცენტრში, მოქალაქეები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის შეცვლას ითხოვენ და ხელისუფლების ძალადობას აპროტესტებენ.

პარალელურად დედაქალაქში, საკუთარ მომხრეებს ლუკაშენკომაც მოუყარა თავი. მან ადგილზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ლუკაშენკომ საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა.

"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს", - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ბოლო დღეების განმავლობაში ის უკვე მეორედ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მხარდაჭერის გარანტიებიც მიიღო.

ბელარუსი ხალხი კი ამ დღეებში რეალურ მხარდაჭერას ევროპიდან იღებს. პოლიტიკური ლიდერების განცხადებების გარდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სოლიდარობის აქციებიც გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 9.9% მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ.  ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათობით ადამიანი დაშავდა, 2 კი გარდაიცვალა.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკის წინააღმდეგ უახლოეს კვირებში სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ორგანიზაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეფასებით, არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი და გამჭვირვალე.


close დახურვა