პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა დასრულდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე შემაჯამებელი განხილვის შემდეგ, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი, შენიშნვებთან ერთად, ახლა მთავრობას გადაეცემა.
მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტრო ანტიკრიზისული ბიუჯეტის რედაქტირებულ ვერსიას საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა წარადგენს, პარლამენტი მას საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებს.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ მთავრობამ დაპირება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით გასცა, არ შეასრულა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბიუჯეტი დამტკიცების შემდეგაც განსახილველი იქნება.
„ეს არის მკვდრადშობილი ბიუჯეტი. არის უამრავი არარეალური მონაცემები ჩადებული, არის უამრავი გარღვევა. 350 ათას ადამიანს მივცემთ ფულად დახმარებასო და ესეც მოიტყუეს. ნახევარსაც კი არ აძლევენ. ყველა თვითდასაქმებული ადამიანის დახმარება არის შესაძლებელი 300 ლარით და ამასაც არ აკეთებენ. ეს ბიუჯეტი მიღებიდან, მეორე დღესვე გადასახედი იქნება“, - აღნიშნა გოცირიძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე კი, აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული დაპირებები ბოლომდე არ არის შესრულებული.
„ბიუჯეტი რომელიც არის წარმოდგენილი, ეს არის ის ბიუჯეტი, რომელშიც ნახევარი ქვეყნის მოსახლეობა უმუშევრად, რომ არის დარჩენილი, მათზე არის სუბსიდირება გამოყოფილი, თუმცა რეალობაში ეს ასე არ ხდება. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რასაც ამბობდა პრემიერ-მინისტრი პლენარულ სხდომათა დარბაზში პრაქტიკულად არც ერთი სიტყვა არ არის ბოლომდე შესრულებული“, - ამბობს ჭიჭინაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით, განხილვების დროს საპარლამენტო უმრავლესობას შენიშვნები არ ჰქონია.
„ეს არის ის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც იძულებული ვიყავით პანდემიის გამო შეგვემუშავებინა. მოგვიწია გარკვეული პროგრამების ხარჯვითი ნაწილების შემცირება, ასევე მოგვიწია დაფინანსებების გაზრდა, იმ მიმართულებით რაც პანდემიის პირობებში აუცილებელი იყო. ვინაიდან პარლამენტის უმრავლესობა იყო ჩართული, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა კაკაურიძემ.
პარლამენტის ფინანსთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დოკუმენტს მომდევნო კვირას დაამტკიცებენ.
"გადაეგზავნება დოკუმენტი მთავრობას, რომ მან გაითვალისწინოს შენიშვნები. დოკუმენტი მომდევნო კვირის დასაწყისში დაგვიბრუნდება და სესიაზე იქნება განხილვა, რომ კორექტირებული ბიუჯეტი დამტკიცდეს", - თქვა კოვზანაძემ.