logo
ENG



ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

17 ოქტ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/6vey65h3tc48q0o.jpg

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ ევროკავშირს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაეხმარონ უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში. ეს ტრიბუნალი რუსეთის აგრესიის დანაშაულს გამოიძიებს, შეავსებს არსებულ იურისდიქციულ ხარვეზს და უზრუნველყოფს რუსეთის ანგარიშვალდებულებას უკრაინის წინაშე.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ ევროკავშირის დისკუსიების წინ, ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოვუწოდებთ ევროკავშირს, უკრაინის მიზნის მხარდასაჭერად, უზრუნველყოს რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე."- წერია განცხადებაში. 

ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება ის ქმედებები, რომლებიც არღვევს მას ყველაზე აშკარად - გენოციდი, ომის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაული.

"უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო სახლების, სკოლებისა და სათამაშო მოედნების, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბოლოდროინდელი მიზანმიმართული დამიზნება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ტერორის კამპანიის უახლესი ეპიზოდია. სანამ რუსეთის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე გრძელდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის საშინელი დანაშაულებისთვის სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ძიება ჩვენი პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი იყოს. 

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის, მრავალი სხვა სახელმწიფოს, ისევე როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიმდინარე გამოძიებების მხარდაჭერა, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მტკიცებულებების შეგროვებაში, უკრაინაში მიმდინარე ომის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და დასჯაში. 

თუმცა ჩვენი ძალისხმევა ამით არ უნდა დასრულდეს.

ამჟამად არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში აგრესიის დანაშაულის გამო პასუხისგებაში მისცემს. სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დასჯის უნდა შეიქმნას ამ იურისდიქციული ხარვეზის შესავსებად. ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა იყოს ამ ძალისხმევის ცენტრში.

სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ICC-ის როლს. მიუხედავად იმისა, რომ ICC დასჯის პირებს ომის დანაშაულებისთვის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სპეციალური ტრიბუნალის მთავარი პასუხისმგებლობა იქნება აგრესიის დანაშაული."- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ორგანიზატორები, წამქეზებლები და ხელშემწყობები არ უნდა დარჩნენ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე. 


close დახურვა