logo
ENG



ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ

11 დეკ 202314:51
3 წუთის საკითხავი
 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაკნა ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა.

"ესტონეთი ბუნებრივია, მხარს უჭერს გაფართოების პროცესს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ. ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული საბჭო იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველაფერი ერთად ხდება - დაფინანსება, გაფართოება, გადაწყვეტილებები, რომლებიც არამხოლოდ უკრაინას ეხება, არამედ ჩვენც. უნდა გვესმოდეს, რომ ვწყვეტთ არა უკრაინის დახმარებას, არამედ როგორი იქნება ჩვენი მომავალი.

თუ არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას გაფართოებასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რა მოხდება. ეს იქნება ცუდი გზავნილი ყველასთვის და არამხოლოდ უკრაინისთვის. ამიტომ ვიმედოვნებ, გამოსავალს ვიპოვით. ჩემთვის არ არსებობს არგუმენტი უნგრეთის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ბლოკავს სხვადასხვა გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კონსენსუსის პოლიტიკის ფარგლებში მოგვარების გზებს ვიპოვით", - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

5 დეკემბერს, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.

14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა