logo
ENG



ესტონეთის ცნობით, საბჭოთა მონუმენტების აღების შემდეგ ქვეყანაზე კიბერშეტევა განხორციელდა

18 აგვ 202217:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/18/ifq2ga0lkeqlhmb.jpg

ესტონეთის ხელისუფლების ცნობით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის მონუმენტების აღება დაიწყეს, ქვეყანის სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ესტონეთის ხელისუფლების თქმით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მონუმენტები იმ რეგიონიდან აიღეს, სადაც ეთნიკურად რუსები ცხოვრობენ. ესტონეთი აცხადებს, რომ ეს 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევაა.

რუსულმა ჰაკერული ჯგუფმა Killnet-მა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა რომ თავდასხმა მათი ორგანიზებულია და ესტონეთის სამთავრობო და კერძო ინსტიტუტების 200-ზე მეც საიტზე წვდომა შეწყვიტეს.

ესტონეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თავდასხმის გავლენა მცირეა.

„გუშინ ესტონეთის ხელისუფლება გახდა 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე. გარდა რამდენიმე ხანმოკლე და მცირე გამონაკლისისა, ვებგვერდები სრულად ხელმისაწვდომი იყო დღის განმავლობაში. თავდასხმამ ესტონეთში დიდწილად შეუმჩნევლად ჩაიარა“ - განაცხადა ესტონეთის ეკონომიკური საქმეებისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ციფრული ტრანსფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლუუკას ილვესი.

რუს ჰაკერთა ჯგუფი Killnet აცხადებს, რომ ესტონეთის ხელისუფლებას მას შემდეგ შეუტიეს, რაც ქვეყანამ საბჭოთა Tu-34 ტანკი ქალაქ ნარვაში საჯარო სივრციდან მუზეუმში გადაიტანა. 

ესტონეთის პრემიერ მინისტრმა, კაია კალასმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საჯარო სივრცეებში არსებულ საბჭოთა მონუმენტებს რაც შეიძლება მალე აიღებდნენ.

ესტონეთში დაახლოებით 200-დან 400-მდე კომუნისტური მონუმენტი დგას. პრემიერ მინისტრის თქმით, კერძო მიწებზე არსებული მონუმენტების აღება ამ ტერიტორიების მესაკუთრეებს შეუძლიათ.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაღუპულების გახსენება არანაირად არაა აკრძალული და არც აიკრძალება, მაგრამ ეს სწორ ადგილებში უნდა მოხდეს და ეს სასაფლაოა - ადგილი სადაც ამის გაკეთება ღირსეულად შეიძლება“ - განაცხადა კალასმა.

იმ მონუმენტებს შორის რომელთა აღებაც დაგეგმილია იყო ქალაქ ნარვაში არსებული T-34 ტანკი. კალასის თქმით, ტანკი არაა მემორიალური საგანი და უკრაინაში ხალხს რუსეთი მათ შორის ტანკებით კლავს. პრემიერ მინისტრის თქმით, გარდა ამისა ტანკის მონუმენტი შესაძლოა უკრაინაში ომის ფონზე ესტონეთის მოსახლეობას წარსულის ტრაგედიებს ახსენებდეს.


close დახურვა