logo
ENG



ეუთო/ოდირი: აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმა სრულად უნდა გამოიძიონ

06 ივლ 202108:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/06/ygdz60sg40r84ba.jpg

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი თბილისში მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებული  თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს. ამაზე ეუთო/ოდირი twitter-ზე წერს.

"ოდირი შეშფოთებულია თბილისში განხორციელებული ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და სრულად უნდა გამოიძიონ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

1-ლი ივლისიდან საქართველოში თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც 5 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია 5 ივლისს დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, აძვრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.

პრაიდის კონტრაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობდნენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

თბილისი პრაიდმა განვითარებული მოვლენების შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "ღირსების მარში" #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. პრაიდის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ხელი შეუშალათ, ესარგებლათ შეკრების უფლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მიმდინარეობისას 8 ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტები 55 ადამიანის მიმართ გამოვლინდა, საიდანაც 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

საელჩოები ხელისუფლებას დამნაშავეთა გასამართლებისკენ მოუწოდებენ.

 

 


close დახურვა