პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს. ექიმები აცხადებენ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კლინიკაში გადაყვანა და ამაზე არც არგუმენტირებული პასუხი არსებობს.
"მთელი სამედიცინო სამყარო თანხმდება, ერთი, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად იქნას გადაყვანილი შესაბამის სამედიცინო, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. მეორე გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატებს და იმ დეპუტატებს, ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს, მორჩით ამ გაუაზრებელ ქმედებებს. მესამე, ვუცხადებთ მხარდაჭერას მათ, ვინც ამ შენობაში შიმშილობს", - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგი ჩიხლაძემ.
პარლამენტში მყოფი ექიმი, მანანა ჯებაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართა დარღვეულია არაერთი კანონი, მათ შორის დარღვეულია მისი, როგორც პაციენტის უფლებები.
"აუცილებლად გააქტიურდეთ, გამოიყენოთ საპარლამენტო ბერკეტი, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ იუსტიციის მინისტრი და ჰკითხეთ, რატომ არ გადაჰყავს [სააკაშვილი კლინიკაში]. როდესაც სამი კონსილიუმი შედგა, სხვადასხვა ექიმის მონაწილეობით, სამივე კონსილიუმმა დადო ერთ და იგივე დასკვნა. საქართველოს ყველა ექიმი ვეთანხმებით ამ დასკვნას, ლადო კახაძის გამოკლებით. ომბუდსმენი და ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ექიმია, ეთანხმება ამ დასკვნებს", - ამბობს ექიმი.
გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა.
მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად".
სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 19 ნოემბერს ელენე ხოშტარიამ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარი თქვა.