logo
ENG



ექიმები ჯანდაცვის სისტემაში ინფექციის კლინიკური მართვის პროტოკოლის შეცვლას მოითხოვენ

27 მარ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედი ინფექციის კლინიკური მართვის პროტოკოლი პანდემიის არსებულ სტადიას არ შეესაბამება, სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროსგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ, ექიმები არსებული პროტოკოლის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ერთ თვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არსებული რეკომედანციები არასაკმარისია და ცვლილებები ანამნეზის დადგენაში თავად შეიტანეს.

საეჭვო შემთხვევად დღემდე მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონე პაციენტები და მათი კონტაქტები განიხილებიან, თუმცა მარნეულის შემთხვევამ მედიკოსებს მიანიშნა რომ კორონავირუსზე უნდა შემოწმდეს ყველა ვისაც აქვს ცხელება, ან არ აქვს სიცხე -  მაგრამ უვლინდება ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექცია, აქვს ხველა, ყელის ტკივილი და  პნევმონია.  ექიმები მიუთითებენ, რომ ეს არის მთავარი გზა, რომელიც ქვეყანას შიდაგადადების რისკს და ეპიდემიას აარიდებს

ექიმების პოზიციას სრულად იზიარებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის მიუღებელია, რომ  მარნეულის საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით შეყვანილ პაციენტს   4 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრს მიაჩნია, რომ  როდესაც ქვეყანა შიდა გადადების ფაზაში შედის, არარელევანტურია მხოლოდ იმ ადამიანების და მათი კონტაქტების  ტესტირება  ვისაც ჯანმოს  მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ჯანდაცვის უწყება და საკოორდინაციო საბჭო იმ ადამიანების მოთხოვნას, ვისაც საშიშ და ბოლომდე ამოუცნობ ვირუსთან ყოველდღიურად აქვს შეხება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რა რეკომენდაცია აქვს ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს, უწყებაში  უკვე რამდენიმე დღეა ღიად გვაფრთხილებენ, რომ ეპიდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

 


close დახურვა