logo
ENG



ექიმის თქმით, შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა

14 ოქტ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 

13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, გაუმჯობესდა. ნიუ ჰოსპიტალსის ექიმის დავით ცაბაძის თქმით, ბიჭი აპარატიდან მოხსნილია და ის კონტაქტურია.

ექიმის თქმით, გართულებების საშიშროებები ჯერ კიდევ არსებობს და ბიჭი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

"ამ წუთისთვის, ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა უკვე მშობლებსაც. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათისთვის, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიური დაზიანება მეტ-ნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე. გართულებების საშიშროებები ჯერ ისევ რჩება, 72 საათი ჯერ არ გასულა და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. აპარატიდან მოხსნილია", - თქვა ექიმმა.

გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. 

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

რაც შეეხება მეორე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა