გიორგი შაქარაშვილის საქმე უკვე 22 ტომია. მისი მოცულობა უფრო გაიზრდება, თუმცა საგამოძიებო მასალებში არაფერი დევს ისეთი, რითაც ზუსტად გაირკვევა, რა მოხდა, ვინ სცემა, ვინ მისდევდა და როგორ აღმოჩნდა 19 წლის ფეხბურთელი მდინარე არაგვში.
შეცვლილი ჩვენებები, სხვადასხვა ვერსიით მოყოლილი ერთი და იგივე ამბავი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მთავარი მტკიცებულებებია. თითქმის არ არსებობს დაკითხული მოწმე თუ ბრალდებული, ვინც ცოტას მაინც არ ცრუობს. იტყუება ყველა, ვინც ამბობს, რომ მცხეთა 19 ივნისის ღამეს დატოვა, რადგან სრულიად სხვა სურათს იძლევა საქმეზე დართული სატელეფონო ანძების დეტალური ამონაწერი და ათასამდე ზარი თუ მოკლე ტექსტური შეტყობინება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია საგურამო-წიწამურის სატელეფონო ანძების ჩანაწერი - რომელიც აფიქსირებს, რომ გიორგის მკვლელობის მეორე დღეს, 19 ივნისის შუადღეს მცხეთაში ჩავიდა ერთ-ერთი ბრალდებული მორაგბე ნიკა ჟვანია. დეტალურ ამონაწერში ჩანს, რომ ჟვანია მცხეთიდან ურეკავს ასევე საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, ლაშა შერმადინს. ზარის ხანგრძლივობა 14 წამია - ესაა ის დრო, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მშობლები უკვე არაგვის ხეობაში ეძებენ. რატომ იმყოფებოდა მეორე დღეს მკვლელობის ადგილზე ბრალდებული ჟვანია - შაბათის ფორმულა ამის გარკვევას მის ადვოკატთან შეეცადა, თუმცა იურისტი არჩილ ბერიანიძე ბოლო ერთი კვირაა სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.
„შაბათის ფორმულასთან“ პირველად, ფეხბურთელის მკვლელობის საქმეში ჩართულმა ორივე ექსპერტმა დაადასტურა, რომ შესაძლოა შაქარაშვილს ტვინის შერყევა დაემართა, გონება დაკარგა, თუმცა რა დროით ამის თქმა არ შეუძლიათ.