საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების უპრეცედენტო კრიტიკის ფონზე, სანქციების დაწესება სავსებით რეალურია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის მიზეზით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი, ქვეყანაზე უარყოფითად აისახება. ისინი ოცნებას, შექმნილი ვითარების გააზრებისკენ მოუწოდებენ.
ბათუ ქუთელიას განცხადებით, ახლა საქართველო მთავარი არჩევანის წინაშე დადგა, საქართველო გააგრძელებს პუტინის გზით სიარულს ან გააგრძელებს დემოკრატიული გზისკენ სვლას, მისივე თქმით ამ არჩევნების წინაშე ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ დააყენა, ექსპერტის თქმით როდესაც სანქციებზე ამერიკის კონგრესმენები საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას რომ სანქციები არის რეალური და საკითხი დღის წესრიგშია.
„მთავარი არჩევანის წინაშე დადგა დღეს ქართული სახელმწიფო და ამ ჩიხამდე მიიყვანა სწორედ არაფორმალურმა მმართველობამ ბიძინა ივანიშვილმა, ეს არჩევანი არის ან საქართველო გააგრძელებს პუტინის გზით სიარულს, ან გავაგრძელებთ დემოკრატიული გზისკენ სვლას, სწორედ ასე იყო შეკითხვა დასმული ადამ კინზინგერის წერილში, რაზეც ჩვენი პარტნიორები ელოდებიან პასუხს, როგორი იქნება პასუხი ეს ბევრწილად განსაზღვრავს ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკურ მომავალსაც. სანქციები არის ძალიან რეალისტური, როდესაც ვოლსტრიტ ჟურნალი საუბრობს სანქციებზე, როდესაც კონგრესმენები საუბრობენ სანქციებზე ეს ბუნებრივია უკვე დღის წესრიგშია და განხილვის საკითხია“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ სანქციების ამოქმედებას გარკვეული პროცედურები სჭირდება შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა აამოქმედებს თუ არა სანქციებს ამერიკა, ის განცხადებები, რაც კონგრესმენების მხრიდან კეთდება საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის დამაზიანებელი.
„როდესაც ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ღიად საუბრობენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე, მიუხედავად იმისა ეს სანქციები რეალობა გახდება თუ არა, თვითონ პროცესი აზიანებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ერთგვარი პინგ-პონგი იყო საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის კონგრესმენებს შორის, ასევე არ ჩანს გახარიას 17 დეკემბრის წერილი, შემდეგი წერილი ის აგრესიული ტონი რაც იგრძნობა სავარაუდოდ გამოწვეულია ამ წერილით და იმ არაადეკვატური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ.
4 წერილია ამ დრომდე ცნობილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე გამოაგზავნა, ასევე ცნობილია რამდენიმე კონგრესმენის განცხადება ტვიტერზე, რომლებიც ეთანხმებიან კონგრესმენების წერილს და აკრიტიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ არის მცდელობა დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევის.
როგორც ოპოზიციაში აანონსებენ არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შინაარსის წერილები კონგრესმენების გარდა სენატორების მხრიდანაც გავრცელდეს.