logo
ENG



ექსპერტიზა ჯერჯერობით ვერ ამბობს, რამდენი დრო გაატარა შაქარაშვილმა წყალში

11 აგვ 202014:39
3 წუთის საკითხავი
 

"კითხვაზე, თუ რამდენი დრო გაატარა შაქარაშვილმა წყალში, დანიშნულია ექსპერტიზა", - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული შუალედური ექსპერტიზის დასკვნით გარკვეულ კითხვებზე პასუხი უკვე მიღებულია, თუმცა რამდენი საათი გაატარა შაქარაშვილმა წყალში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პროკურორის განცხადებით, კვლევები გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება. 

"ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმეზე დაინიშნა ემსახურება მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. ყველა ექსპერტიზა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება საზოგადოებაში, თუ რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის გვამმა წყალში. ამაზე დანიშნულია ექსპერტიზა, შუალედური პასუხი გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. კომპლექსური კვლევა გრძელდება, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს კვლევები, საზოგადოება მყისიერად იქნება ინფორმირებული", - განაცხადა გულუაშვილმა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი "დროებასთან" საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა. დამოუკიდებელი ექსპერტი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღინიშნებოდეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა.

5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

უფრო კონკრეტულად ბრალი დაუმძიმდა "ტოიოტა ქემრის" მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ა.ქ-ს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს. 

გარდა ამისა, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო-რეკონსტრუქცია გაავრცელა

პროკურატურის ვერსიით, შაქარაშვილს სასტიკად სცემეს, შემდეგ კი, მდინარეში გადააგდეს

პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ აქ


close დახურვა