logo
ENG



ეყოფა ტყიბულს სისხლი - მეშახტეების პროტესტი გრძელდება

16 ივნ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, მერიის წინ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასის ოცი პროცენტით გაზრდა.

მათი განცხადებით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა დასკვნა დადო, რომლითაც შესაძლებელია სამუშაოების პარალელურად რეაბილიტაცია მოხდეს. მეშახტეები ამ დასკვნას არ ეთანხმებიან.

მეშახტე ხვიჩა გაბუნია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, კომპანიასთან ერთად, დანაპირები უნდა შეასრულოს.

„ჩვენი თხოვნაა, სახელმწიფომ მოგვაქციოს ყურადღება და რაც იყო დანაპირები ამ კომპანიასთან ერთად შეასრულოს. ჩვენი ძირეული მოთხოვნაა უსაფრთხოების ნორმების დაცვა შახტში. რამდენიმე დღის წინ ამწემ განახორციელა ავარიული დაშვება, რომელსაც კინაღამ ათობით მეშახტე ემსხვერპლა, რომ არ ყოფილიყო გამოცდილი ამწემემანქანის მაღალი კვალიფიკაცია. მეორე მოთხოვნაა ხელფასების მატება“, - აცხადებს გაბუნია.

შახტში დასაქმებულის, პაატა კუპრაშვილის თქმით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს არარსებობის შემთხვევაში, მეშახტეები მუშაობას არ გააგრძელებენ.

„ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში, შახტის გამართული მუშაობა. ეყოფა ტყიბულს სისხლი. ეყოფა, რაც მეშახტეების სისხლი ღვარა. თუ უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩავალთ იქ“, - განაცხადა კუპრიაშვილმა.

ტყიბულის მეშახტეთა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ კი აღნიშნა, რომ კომპანიის დასკვნის თანახმად, შახტში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელია.

„კომისია ჩამოვიდა, დადეს დასკვნა. რის მხიედვითაც, შეიძლება შახტში მუშა პროცესით გამოსწორდეს დარღვეული საკითხები ანუ დასკვნით, შეიძლება შახტში მუშაობის გაგრძელება, რაც დარღვეული მაგრამ მეშახტეები პროტესტს აგრძელებენ, რადგან 20% საშემოსავლო, რაც მთავრობამ კომპანიამ დაუტოვა, მეშახტეები ამბობენ, რომ ეს მატი ფულია და უნდა მიიღონ მათ“, - განაცხადა ისაკაძემ. 

 


close დახურვა