პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიის რეაბილიტაციას სასაცილოს უწოდებს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, კალაძის გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება შეშინებულია.
"დიდი ხანია, თავს იტეხენ იმაზე, როგორ შეზღუდონ აქ ხალხის აქცია. ხან ზვიგენი მოიფიქრეს, ხან ჯებირები, ახლა ეს გამწვანება. სასაცილო მდგომარეობაშია ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუშლის მოქალაქეებს და გეგმაც არ შეიცვლება. პიკეტიც იქნება და კარვებიც დაიდგმება. მთავრობა ყველა გზით იჭრის თავს. არ მსმენია, რომ ამ ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ასე რომც ყოფილიყო, როცა აქ ადამიანების სისხლი დაიღვარა, ანგარიში უნდა გაუწიო ასეთ მოვლენებს. ესეც მათ უსუსურობაზე მეტყველებს. ხელისუფლებას სასიკვდილოდ ეშინია პარლამენტის წინ ხალხის შეკრების და ეს ამბავის ამის დემონსტრირებაა", - აღნიშნავს ხოშტარია.
დედაქალაქის მერიის მორიგ გადაყწვტილებას მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოეხმაურა. მისი თქმით, პროტესტი მაინც გაგრძელდება და ამის ერთ-ერთი მთავარი გარანტორი სწორედ ის იქნება.
"გუშინ დილას როგორც კი დამინახეს, შუა ღამეს აიღეს ატრაქციონები და ეს ჯებირები აღმართეს. უბრალოდ, არ ვიცი, ამას რა დავარქვა. ეშინია ხელისუფლებას, ამიტომაც ყველაფერს აკეთებს. პროტესტი მაინც გაგრძელდება და მე ამის გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ", - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
ოპოზიციის პოზიციას იზიარებენ სამოქალაქო აქტივისტებიც. პროტესტის გაგრძელებას გეგმავს მოძრაობა "გაბედეც".
"ყველაზე მძიმე ფორმის დიქტატურის ქვეყნებშიც კი ტერიტორია შემოღობილი არ არის. ვერანაირი ჯებირი ვერ შეაკავებს ამ ადამიანებს. უბრალოდ, ესაა დროის გაჭიანურების მცდელობა, რომ ცოტა ხანი სამართალდამცველები დაასვენონ", - აცხადებს მიშა ქუმსიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს მწვანე კონსტრუქციით შემოღობეს. კახა კალაძის თქმით, ეს სივრცე რეაბილიტაციას და მოწერიგებას საჭიროებს.