გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე ადამიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულთა ნაწილი მიმალვას აპირებდა და ისინი საზღვრის კვეთის დროს არიან დაკავებული. ადვოკატების თქმით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და ამბობენ, რომ მათ გარკვეული ვიზიტები საზღვარგარეთ თავდასხმამდე ჰქონდათ დაგეგმილი.
"საქმეზე წარმოდგენილი არის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებს მათი [ბრალდებულთა] მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს", - ამბობს საქმის პროკურორი.
გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს. ზარნაძე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.
შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოცილიამ ადმინისტრაციული წესით გლდანში მელია, დოლიძე და კუპრავა სწორედ მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ თანაგუნდელის სახლთან მივიდნენ. მოგვიანებით, შსს-ში თქვეს, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რის გამოც დაზიანებები აქვთ და გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაიწყეს. ისინი გუშინ გაათავისუფლეს.