ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინატო საბჭომ გუშინ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ტერიტორიას 24-საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. ადგილზე ასევე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოხდება თითოეული მოქალაქისა და ავტომანქანის შეჩერება, მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საკარანტინო შეზღუდვებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“,- განაცხადა ვანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი ამბროლაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები ყველა დიდი ქალაქის შესასვლელებშია მოწყობილი.