საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროს უახლოეს საათებში დატოვებს.
მერაბიშვილს თითქმის 7-წლიანი პატიმრობის ვადა დღეს იწურება. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან სამარტოო საკნიდან გამოსულ ყოფილ მაღალჩინოსანთან შესახვედრად პოლიტიკოსები და ახლობლები იკრიბებიან.
ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსანს. ამის შესახებ განცხადებას ის საპატიმროს დატოვების შემდეგ გააკეთებს.
ვანო მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის საქმეებზე.
მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პატიმარია. ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილს ბრალი კვლავ წაუყენონ.
„ის მოათავსეს სამარტოო საკანში. მისი ციხიდან გაყვანა უკანონოდ მოხდა, ასევე იყო მისი შანტაჟის ფაქტი. ამის გამო ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში მე-18 მუხლი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. უგულავას შემდეგ, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დააკავონ, იმისათვის, რომ ჩამოაცილონ პოლიტიკურ საქმიანობას“, - ამბობს ჩივიაშვილი.