მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო საქართველოსთვის“ 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენას აპირებს, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საერთო კანდიდატზე კონსულტაციებს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, „ლელო საქართველოსთვის“ მზადაა, არსებული საარჩევნო სისტემითაც იბრძოლოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ.
„კოლექტიურ მერაბიშვილზე ვისაუბროთ - წარმოუდგენელი რაღაცაა, როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე და გვაყარონ თვალში ნაცარი, რომ თურმე კარგ გადაცემას თუ მიუძღვნი რომელიღაც არხზე, მისი „განბაჟებაც“ მოხდება.
იმედია მიღებული იქნება კანონი. რომც არ იყოს მიღებული - როცა პარტიას ვაფუძნებდით, მზად ვიყავით გეგმა ბ-სთვის - არსებული სისტემით არჩევნებში მონაწილეობისთვის. იმედია, ყველას ეყოფა გონიერება, ჩვენი ქვეყნისთვის მიიღოს ეს გადაწყვეტილება
ჩვენ ვაპირებთ 30 ოლქში ჩვენი კანდიდატურის დაყენებას. სადაც დავინახავთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც არიან კანდიდატები, მივიღებთ მონაწილეობას კონსულტაციებში. ვაჭრობაში ჩვენ არ შევალთ - ჩვენ უფრო დიდები ვართ და სხვას პატარა რაოდენობა ეკუთვნის - ამაში არ შევალთ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ახალი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციები გამართეს სავარაუდო მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ - დააყენებს თუ არა ოპოზიცია თითო ოლქში თითო კანდიდატს, უცნობია. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, მიმდინარეობს კონსულტაციები.