რუსთავის ცხელების ცენტრში 13 ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მათ შორის არის საქართველოს 9 მოქალაქე, რომლებიც გუშინ ვარშავიდან ჩამოიყვანეს. რუსთავის ცხელების ცენტრის წარმომადგენლის თქმით, 3 მათგანს ტემპერატურა აღენიშნება. ცენტრში ასევე არიან სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის არის სატვირთო ტრაილერის მძღოლი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა.
„9 პირი აეროპორტიდან შემოიყვანა საგანგებო მდგომაროების ცენტრმა. ეს არის ვარშავის რეისი, ჩვენი ინფორმაციით. განთავსდნენ ცხელების ცენტრში, დღეისათვის 3 მათგანს აქვს ტემპერატურა. ამ დილით მოიყვანეს სადახლო საზღვარზე საზღვრის კვეთის გამო შემოყვანილი პაციენტი, რომელსაც იქ აღენიშნებოდა ტემპერატურა, მაგრამ აქ უკვე აღარ აღენიშნებოდა“, - განაცხადა რუსთავის ცხელების ცენტრის ექიმმა.
რუსთავში კორონავირუსის 7 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ოჯახის წევრებთან ერთად და ცოლ-ქმარი. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლი სასწრაფოს ექიმია, ხოლო ქმარი ეროვნული ბანკის თანამშრომელი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 157 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გარდაცვლილია ერთი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 28.
