ვასილ როინიშვილის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმს რამდენიმე წუთში წარუდგენს და მას კენჭს უყრიან.
როგორც სხდომაზე შესვლამდე როინიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, მისი კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.
"მე როგორც ვიცი დასახელებული იყო და კანდიდატურაც მიწოდებული იყო. ხელისუფლების ყველა შტოს გააჩნია თავისი დაკომპლექტების წესი. მთავარია, რომ კანდიდატურა შერჩეული იყოს ისეთი რომელიც ასახავს დამნიშნავის პოზიციას, ანუ ამ შემთხვევაში პლენუმის პოზიციას", - აღნიშნა როინიშვილმა.
კითხვაზე არის თუ არა მნიშვნელოვანი საზოგადოების აზრი, როინიშვილმა ასე უპასუხა: "საზოგადოება ხომ არ ირჩევს ამ შემთხვევაში. მე რა ინფორმაციაც გამაჩნია, ვისაც ჰქონდა სურვილი გაეგო კანდიდატურის შესახებ, ეს ჰქონდა. ახლა ის, რომ ტელევიზიით არც მე მომისმენია, გულახდილად რომ გითხრათ, არ გამიგია. ალბათ არც თქვენ გაგიგიათ. მაგრამ ვისაც აინტერესებდა, იცოდა", - განაცხადა ვასილ როინიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ როინიშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "ფორმულამ" ექსკლუზიურად გაავრცელა.