logo
ENG



ვაქცინაზე ბოლსონარუს განცხადების გამო ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო

04 დეკ 202113:53
3 წუთის საკითხავი
clock 867
2021/12/04/6pj7ginwkd4wh0o.jpg

კორონავირუსის ვაქცინაზე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განცხადებაზე უზენაესმა სასამართლომ მოკვლევა დაიწყო. ბოლსონარუ უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ვაქცინა აივით ინფიცირების რისკებს ზრდიდად.

სოციალურ ქსელში პირდაპირი ტრანსლირების დროს გაკეთებული ყალბი განცხადების გამო ბოლსონარუს Facebook-სა და Youtube-ზე დროებით წვდომაც შეუზღუდეს.

ბრაზილიის პრეზიდენტს არაერთხელ დაუყენებია ეჭვ ქვეშ ვაქცინის ეფექტურობა და იმუნიზაციაზე თვითონაც უარი თქვა. ამ შემთხვევაშიც მისი მოსაზრებები აივ ინფექციასა და კოვიდ ვაქცინას შორის კავშირზე მეცნიერებმა მყარად უარყვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრ დე მორაესმა თქვა, რომ ბოლსონარუმ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის მასობრივად გავრცელების მეთოდები გამოიყენა, რაც შემდგომ გამოძიებას მოითხოვს.

დე მორაესმა ბრაზილიის მთავარ პროკურორს დაავალა, დაედგინა დაკავშირებულია თუ არა პრეზიდენტის კომენტარები მის მხარდამჭერებთან, რომელთა მიმართაც ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ყალბი ამბების შექმნის საქმეზე.

ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც Office of Hate, მთელი პანდემიის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებდა და სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდებდა, რაც ბოლსონარუს, როგორც მთავარსარდალს ქვეყნის მართვისთვის შეუზღუდავ ძალაუფლებას მისცემდა.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულ იქნა პრეზიდენტის რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის რობერტო ჯეფერსონი, ულტრამემარჯვენე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბოლსონარუ არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს, რამაც მისი პოპულარობა შეამცირა. ოქტომბერში ბრაზილიელმა სენატორებმა პანდემიის დროს ბოლსონარუს არასათანადო ქმედებების გამო მისთვის ბრალის წარდგენაც კი მოითხოვეს. სენატის სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშს, რომელშიც ბრალის წარდგენაზეა საუბარი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის მიხედვით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა. პანდემიას 615 ათასი ადამიანი ემსხვეპლა, ხოლო 22 მილიონზე მეტი დაინფიცირდა. თუმცა არსებობს ეჭვები, რომ რეალური რიცხვები ბევრად მაღალია.


close დახურვა