სამი ოპოზიციური პარტიის დროას, გირჩი -მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები ქართულ ოცნებას მიმართავენ და "მათ მიერ კონტროლირებად ნებისმიერ სატელევიზიო არხზე" შეხვედრას სთავაზობენ.
ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მათ სურთ, მმართველ პარტიას აუხსნან, თუ რა პრობლემებს ხედავენ ევროპელი ლიდერები ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით "გადადგმულ თუ არგადადგმულ ნაბიჯებზე".
"19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში.
აღნიშნული ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც დაგვხვდა ამ შეხვედრების დროს.
კერძოდ: ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა, იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა;
2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური - ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს;
ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში "ქართულმა ოცნებამ" ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი.
ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები "ქართული ოცნების" საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს "უსაქმურები", "ქვეყნის მტრები" და ა.შ.
მივმართავთ "ქართულ ოცნებას":
თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა" - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციურმა პარტიებმა დროამ, გირჩი -მეტი თავისუფლებამ და სტრატეგია აღმაშენებლმა გუშინ, 26 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პროევროპულ ერთობას ქმნიან. პარტიების თქმით, მათი მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ქართული ოცნების დამარცხებაა.